რა უნდა იცოდნენ ტურისტებმა და რას უნდა მოერიდონ

ფშავ – ხევსურეთის ყველა სტუმარმა უნდა იცოდეს, რომ უცხო პირებს არ ეძლევათ უფლება შევიდნენ სალოცავებში. ადგილობრივი მოსახლეობისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. სალოცავებში და მათ სიახლოვეს მხოლოდ დღეობის დროს მიდიან, დანარჩენ დღეებში იქ მისვლა აკრძალულია, განსაკუთრებით უცხო პირთა, ბავშვების და ქალების,რადგან ეს ადგილები წმინდად და შეუვალად არის მიჩნეული.

თვითონ სალოცავი როგორც არქიტექტურული ნაგებობა შეიძლება იყოს რამდენიმე სხავადასხვა ფორმის. ეს მშრალი ქვის წყობით აგებული ჯიხვის ან ირმის რქებით შემკული შენობაა. სალოცავის ტერიტორიაზე დგას იფნის,მუხის,წიფლის და სხვა საუკუნოვანი ხეები და ყოველ სოფელში განცალკევებით მდგარი,დაცული, ასეთი ხეების არსებობა მიგვანიშნებს სალოცავების ადგილ-მდებარეობას. თუ შეიძლება, ყურადღებით იყავით და არ მიუახლოვდეთ მათ.

მთაში მცხოვრები ხალხი ძალიან თავშეკავებულია – ისინი არ კოცნიან ერთმანეთს სხვების თანდასწრებით, მათი ჩაცმის წესი საკმაოდ მკაცრია (მამაკაცებიც კი არ ატარებენ შორტებს და ა.შ.), მამაკაცი არ უყურებს ქალს თვალებში, ქალის და მამაკაცის სამყარო ჯერაც საკმაოდ განცალკევებულია ერთმანეთისაგან. არავინ არ ელოდება უცხოელებისაგან რომ ასევე მოიქცევიან, მათთვის არ არის შეზღუდვები, თუმცა გირჩევთ პატივი სცეთ მთის მაცხოვრებლების თავშეკავებულობას.

მათი სტუმართმოყვარეობა განთქმულია და სტუმრებს ექცევიან როგორც ღმერთებს. სუფრაზე საჭმელის მოტანას გააგრძელებენ სანამ თქვენ ჭამა შეგიძლიათ. ზრდილობიანი იქნება დატოვოთ რამე მაგიდაზე, ისე რომ მასპინძელმა იგრძნოს, რომ მეტს ვერ ჭამთ. ასევე გახსოვდეთ, რომ უზრდელობად ითვლება სუფრასთან ცხვირის მოხოცვა.

თუ პრობლემა გაქვთ, დარწმუნებული იყავით, რომ ადგილობრივი მოსახლეობა დაგეხმარებათ.  საქართველოს მთებში თქვენ იმყოფებით სამყაროში, სადაც ადამიანები ჯერ კიდევ ეხმარებიან ერთმანეთს, რადგან მათი სიცოცხლე დამოკიდებულია ურთიერთდახმარებაზე, და სადაც თქვენ მოგექცევიან როგორც განსაკუთრებულ სტუმარს და ყველაფერს გააკეთებენ, რომ თავი კარგად იგრძნოთ, იმიტომ, რომ უხარიათ, რომ მოხვედით, და არა იმიტომ, რომ თქვენ ფულს უხდით ამისთვის.

ივანა ბურსიკოვა