ხევსურთა საბრძოლო მომზადება

„საბედნიეროდ, საქართველოში ცხოვრობდა პიროვნება, რომელმაც მე-20 საუკუნის შუა წლებში ფართოდ და ღრმა მეცნიერულ დონეზე შეისწავლა ქართული საბრძოლო ხელოვნება, მეომრის აღზრდის მეთოდები. ეს გახლდათ პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, სპორტის ისტორიისა და ფიზიკური აღზრდის ისტორიის საერთაშორისო კომიტეტის წევრ-კორესპონდენტი პროფესორი ვასილ ელაშვილი. იგი მშვენიერი მოფარიკავეც იყო, იარაღმცოდნეც და ეთნოგრაფიც. ბედნიერი ვარ, რომ რამოდენიმე წლის განმავლობაში მის მრავალრიცხოვან მოწაფეთა შორის მეც ვიყავი.“
საბრძოლო ხელოვნების ოსტატი იური ყეინაშვილი

ხევსურთა წარმოდგენით, მამაკაცი „ყველაფრით სრული უნდა იყოს“ – ჯანმრთელი, ღონიერი და მოძრავი; კარგად იტანდეს სიცხე-სიცივეს, შრომითი და და საბრძოლო ცხოვრების ყოველგვარ გაჭირვებას; ვაჟკაცს სახის ფერსა და ხორცზე უნდა ეტყობოდეს, თვალებზე ემჩნეოდეს ვაჟკაცობა“.
რაკი ხევსურები სასაზღვრო ადგილებში ბინადრობდნენ, მათ შეგნებული ჰქონდათ, რომ ბარის მცხოვრებლებთან შედარებით მეტი მხედრულ-ფიზიკური გაწვრთნილობა მოეთხოვებოდათ. ამ მხრივ, მათ თავი ყოველთვის ფხიზლად, დიდგულად და ქედმაღლურადაც კი ეჭირათ, რაც ხშირად მეზობელთა შურისა და ქილიკის საგანიც იყო.
ხევსურს აუცილებლად უნდა სცოდნოდა ძველი ადათ-წესები და თქმულებანი, სანიმუშო მამაცობაზე, რომლებიც წარსული დროის გმირთა სასახელო და მისაბაძ მაგალითებს სთავაზობდნენ. „ანდრეზის“ სახით შემონახული ძველად მომხდარი ამბების ნუსხა ხევსურთა ყოფაში მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენდა ურთიერთობათა მოსაწესრიგებლად.
ხევსური ვაჟის ფიზიკური და საბრძოლო აღზრდა 5-6 წლის ასაკიდან იწყებოდა, როდესაც მას შეეძლო შეგნებულად ემოქმედა და გაეგო, რატომ ასრულებს ამა თუ იმ ვარჯიშს, ან რისთვის მონაწილეობს თამაშში, თუ გართობაში. უფრო გვიან, ასე 7 წლიდან, ვაჟი მომავალი საქმიანობისთვის ემზადებოდა. ამ ასაკში ბიჭუნა უკვე სწრაფად დარბის მოკლე მანძილზე, მარჯვედ დასრიალებს განსაკუთრებული სახის უძველესი ქართული სამთო მოკლე თხილამურებით, გაბედულად ეშვება ბექობზე ციგით, კარგად ცოცავს ხეებსა და ძელზე, იცის ხტომა სხვადსხვა ხერხით. ამ ასაკში იგი იჩენს მიდრეკილებას და სიყვარულს ყოველგვარი იარაღისადმი, კერძოდ, ჩვეულებრივი და კონდახიანი მშვილდისრისადმი. 10-12 წლის ვაჟები იწყებენ თოფის სროლას მიზანში.
ხევსურთა ფიზიკური და სამხედრო აღზრდა შემდეგი საშუალებებით ხორციელდებოდა: სავარჯიშო სიარული მთაში, ვარჯიშები სწრაფ რბენაში, ცოცვა კლდეზე , ხეზე და მიწაში ჩარჭობილ 8-10 მეტრიან ძელზე. მხედრობას სწავლობდნენ, როგორც უბელო, ისე შეკაზმულ ცხენზე. მხედრული წრთობის განსაკუთრებული ფორმა იყო „ცხენ- მხედრიანი“(ე.წ. „დოღი“).
მხედრობაში ფიგურირებდა უამრავი რთული ილეთი: შეჯდომა-ჩამოხტომა, გვერდზე გადახრა და სხვა. მაგალითად, შეჯდომისას მუცლით გადაწოლა ცხენის ზურგზე სირცხვილს, დაცინვის საგანს წარმოადგენდა.
ფიზიკურ მომზადებას ემატებოდა ასევე სხვადასხვა სახის ხტომა, წვრილი ქვის ტყორცნა, მძიმე ქვის კვრა, იცოდნენ ნიშანში სროლა ჩვეულებრივი და კონდახიანი მშვილდის(ქეიბურიდან), ფილთა, ტალ-კვესიანი და შაშხანა თოფის. ასევე მნიშვნელოვანი იყო ხალხური თამაშობანი და ცეკვები: ფერხული, ხანჯლებით, ცერული და კომბინირებული.
ხოლო, რაც შეეხება ხევსურულ ორთაბრძოლებს – ცივი იარაღით ფარიკაობას, ჭრა-ჭრილობას, საბრძოლო რგოლებით – „სათითენით“ ხელჩართულ ბრძოლებსა და და ხევსურული ჯირითობის ხელოვნებას -„ ცხენნი“, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთ უნიკალური საბრძოლო ხელოვნება, იგი ცალკე განხილვას მოითხოვს.


რა იგულისხმება ხევსურული ფარიკაობის ფორმებში?
ფარიკაობა წარმოადგენდა თანასოფლელ, ანდა, ერთი გვარის წარმომადგენელ ხევსურებს შორის მეგობრული, მსუბუქი ორთაბრძოლის ფორმას. ამ ორთაბრძოლებს მონაწილე მებრძოლთათვის სავარჯიშო-შეჯიბრებითი ხასიათი ჰქონდა, ხოლო გარეშეთათვის სასწავლებელ-სანახაობრივი. ასეთი ორთაბრძოლები იმართებოდა მამაკაცთა თავშეყრის, „ფეხონის“ ანდა, სხვა მშვიდობიანი შეკრებების დროს, მაგალითად, რელიგიური დღესასწაულებისას. ფარიკაობა წარმოადგენდა ხმლისა და ფარის ხმარების მოსამზადებელ ფორმას.
შუღლი, ჩვეულებრივად, ტარდებოდა ძირითადად სხვადასხვა გვარის მამაკაცებს შორის და წარმოადგენდა ჩხუბის, უსიაამოვნების, უთანხმოების შედეგს, და მთავრდებოდა ნაჭრევიანობით… ეს ის მდგომარეობაა, როდესაც ცდილობდნენ სისხლის წვეთით ჩამოერეცხათ მიყენებული წყენა.
რა იარაღები გამოიყენებოდა ჭრობაში? – ხევსურული ხმალი, დაშნა, ხანჯალი(„თეთრი იარაღი“, ანუ ქარქაშში სატარებელი იარაღი); საბრძოლო სათითენი(ფოლადის სხვადასხვა სახის რგოლები – საცემი იარაღი) და სხვა.
როგორ უჭირავთ ხევსურებს ფარ – ხმალი?
ხევსურული ფარიკაობისათვის დამახასიათებელია ორივე ხელის მტევნების მუდმივად ერთად ჭერა,წყვილადი, შეტყუპებული ჭერა მარჯვენა ხელში ხმლისა და მარცხენა ხელში ფარის, თანაც ორივე ხელი ერთად მოძრაობს ურთიერთშეთანხმებულად. მსგავსი დაჭერა ფარ-ხმლისა მსოფლიოში არ არსებობს, და შეიძლება თამამად ვუწოდოთ ხევსურული ნაცვალგებითი (შეტყუპებული) ჭერა.
ხევსურები ვარჯიშით ხმლის ფლობის ისეთ სიმარჯვეს და მოხერხებულობას აღწევენ, რომ მათ შეუძლიათ „ჭრა-ჭრილობის“ დროს წინასწარ განსაზღვრული სიძლიერით ხმლის პირით მიყენონ ზუსტი მსუბუქი, მჭრელი, მხოლოდ სისხლის წვეთის გამომდენი დარტყმები.
რა არის ხელჩართული ბრძოლის სისტემა?
ხელჩართული ბრძოლა საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი ქვესისტემაა, როდესაც მოწინაღმდეგეები ისე დაუახლოვდებიან ერთმანეთს, რომ „თეთრი იარაღის“(ხმალი, დაშნა და ა.შ.) გამოყენება შეუძლებელია. ძალაში შემოდის ხელჩართული ბრძოლის კანონები. ხელჩართული ბრძოლა – ორთაბრძოლის ერთ-ერთი რთული, პასუხსაგები და საკვანძო სახეა. მნიშვნელოვანია, რომ მოწინააღმდეგე ან მოწინააღმდეგეები არ მიუშვა ძალიან ახლო (მჭიდრო) ჩავლებებზე და სანამ ჩაგავლებენ, მანამდე გამოიყვანო ისინი მწყობრიდან – ისეთი ჭრილობა უნდა მიაყენო, რომ უმალვე შეწყვიტოს აგრესიული შეტევა. ამ შემთხვევისთვის გამოიყენება მალული ცივი იარაღი, მათ შორის სათითენი.
პროფესორმა ვ. ელაშვილმა ჯერ კიდევ 1960 წელს მეცნიერულად გამოიკვლია ხევსურული ხელჩართული ბრძოლა სათითენის გამოყენებით.“ სათითენი“ ცერზე წამოსაცმელი ფოლადის რამდენიმე ( ძირითადად სამი) ფრთისაგან შემდგარი ჩახერხილ-წვეტიანი ან გლუვპირიანი მსუბუქი იარაღია.

მასალა მოწოდებულია იური ყეინაშვილის წიგნიდან „ქართველთა საბრძოლო სისტემები, ტრადიციები და ისტორია“.