რელიეფი

ფშავ-ხევსურეთის რეგიონი რთული ოროგრაფიით ხასიათდება. რეგიონის ტერიტორიის დიდი ნაწილი მთა-მდელოს ლანდშაფტებს უკავია, დანარჩენი კი მთა-ტყისა და გლაციალურ-ნივალური ტიპის ლანდშაფტებით ხასიათდება. პალეოზოური ხანის ფილაქნები და ქვიშაქვები ამ მხარის უმაღლეს და მიუდგომელ ქედებს ქმნიან. პირიქითა ხევსურეთის მხარეს უფრო მაღალი მდებარეობა გააჩნია და შემოზღუდულია მყინვარებიანი ქედებით. ხევსურეთში გვხვდება, აგრეთვე, ქვემო იურული ფიქალისა და ქვიშის ფენები. პალეოზოური ხანის ეს შავი ფიქალი დახეთქილ-დაბზარულია, ადვილად იშლება და მას ხევსურეთში ოდითგანვე სამშენებლო მასალად იყენებენ. მყინვარული წარმოშობისაა ე.წ მოხეტიალე
ლოდები სუბალპურ სარტყელში, ჭაუხისა და როშკის მიდამოებში (ზღვის დონიდან 1950-2000 მ-ზე), რომლებიც მყინვარების მიერ არის ჩამოტანილი ჭაუხის მასივიდან (3700-3800 მ ზღ.დ). მთავარ ქედზე და ბორბალოს მთის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიმჩნევა ასევე ძველი მყინვარების კვალი. ფშავ-ხევსურეთის ტერიტორიაზე არის მცირე რაოდენობით მარმარილო (კარატის წვერი), სპილენძი, ანთიმონის ბუდობი, მთის ბროლი (იგივე კვარცი) და სხვა.
ლანდშაფტის თავისებურებას განსაზღვრავს მდინარეთა ხეობების დანა- წევრებული რელიეფი (არღუნის, ასას, ხევსურეთის, ფშავის არაგვისა და მათი შენაკადების)1 და ხეობების დამაკავშირებელი ქედები (ზღ.დ 2500-3000 მ). მათ შორის მნიშვნელოვანია მთავარი წყალგამყოფი ქედი (ხევსურეთის ქედი), რომელიც დიდი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ნაწილია და ჭაუხის მასივსა და მწვერვალ პატარა ბორბალოს შორის რკალისებურ მონაკვეთს მოიცავს. იგი ხევსურეთს ორ ნაწილად ყოფს, მისი თხემური ზოლი ჩრდილოეთისაკენ არის გაწეული. აქ, ჭაუხის მასივისა და მწვერვალ პატარა ბორბალოს გარდა, აღმართულია 2800-3000 მ-ზე
მაღლა მდებარე მწვერვალები. სხვა მნიშვნელოვანი ქედებია: გუდამაყრის, ჭიმღის კლდის, კავკასიონის, მუცოს, ჭანჭახის, ხიდოტანის, არჭილოსკლდის და აწუნთის ქედი.
ხევსურეთის ქედების კალთები დახრილობით გამოირჩევა (დაბალ საფეხურზე უფრო მეტი დახრილობაა, ვიდრე მაღლა) და ციცაბო ფერდობებს ქმნის. აქ
ტურისტული მარშრუტების თავისებურებასა და მრავალფეროვნებას სწორედ აღნიშნული ციცაბო კალთები განსაზღვრავს, რომელიც შემდეგ შედარებით მოსწორებულ თხემში და ხავერდოვან ალპურ მდელოებში გადადის. განსაკუთრებით გამორჩეულია ჭაუხის კლდოვანი მასივი, რომელიც ძალიან დიდ ინტერესს იწვევს და შთამბეჭდავია თავისი შვეულკლდოვანი მწვერვალებით.

მწვერვალები და უღელტეხილები: კალოთანას გადასასვლელი — 2978 მ; არხოტის გადასასვლელი — 3172 მ; საბეწრე — 2798 მ; ფხიტურას გადასასვლელი — 2654 მ; ტანიეს მთა — 3499 მ; ცროლი — 3950 მ; ანატორის გადასასვლელი — 2768 მ; ბორბალო — 2990 მ; კარატი — 2912 მ; მახისმაღალი — 3990; დათვისჯვრის უღელტეხილი — 2676 მ; ჭანჭახის გადასასვლელი — 2655 მ; მარიამწმინდა — 3140 მ; არჭილოს მთა — 3263 მ; ანდაქის უღელტეხილი — 2887 მ; დიდი ბორბალო — 3294 მ; აწუნთის ურელტეხილი — 3431 მ; თებულოს მთა — 4493 მ; მუცოსთავი — 3512 მ; მაისტის მთა — 4081 მ; ჭაუხის უღელტეხილი — 3338 მ; ჯუთის გადასასვლელი — 3287მ; და სხვა.
აღნიშნულ უღელტეხილებზე გადის სა- ფეხმავლო და საცხენოსნო ტურისტული ბილიკები; მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არხოტის, დათვისჯვრის, ანდაქის, აწუნთის, როშკის.

ნიადაგი ფშავ-ხევსურეთში სიმაღ- ლის მიხედვით ცვალებადია. აქ ტყის, ტორფიანი, მთა-მდელოს (2000-3500მ) პრიმიტიული ნიადაგები გვხვდება. მათ შემადგენლობაში თიხა-ფიქალი და ქვიშაქვა სჭარბობს.

კომენტარის დატოვება