გეოგრაფიული მდებარეობა
ფშავ-ხევსურეთი მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ და ჩრდილოეთ კალთებზე. მისი ფართობი დაახლოებით 1600 კვ. კილომეტრია, მათ შორის ფშავის — 560 კვ. კმ, ხოლო ხევსურეთის — 1050 კვ. კმ. იგი ერთადერთი კუთხეა, რომელიც კავკასიონის ორივე კალთაზეა განლაგებული. ჩრდილო კალთაზეა პირიქითა ხევსურეთი — არხოტის (მდ. ასას ხეობა), გურო-შატილისა და არღუნის (მდ. არღუნის ხეობა) ხეობები; სამხრეთ კალთაზე კი — პირაქეთა ხევსურეთი (ხევსურეთის არაგვის ხეობა). ფშავი პირაქეთა ხევსურეთის სამხრეთით, მდ. ფშავის არაგვის ხეობაში მდებარეობს.
ფშავ-ხევსურეთს აღმოსავლეთით ესაზღვრება თუშეთი, ჩრდილოეთით – ჩეჩნეთი და ინგუშეთი (რუსეთის ფედერაცია), დასავლეთით – ხევი და მთიულეთ-გუდამაყარი, ხოლო სამხრეთით – მთიულეთი.
ფშავ-ხევსურეთი აღმოსავლეთით და დასავლეთით შემოსაზღვრულია მა- ღალმთიანი ქედებით — დასავლეთით: კიდეგანის ქედი, ჭაუხის მასივი, გუდამაყრისა და ალევის ქედები; აღმოსავლეთით: მუცოს, აწუნთის ქედი, ბორბალოს მთა და კახეთის ქედი. რეგიონი ხასიათდება საშუალო და მაღალმთიანი მრავალფეროვანი ლანდშაფტით და მოიცავს მთა-ტყის, სუბალპურ, ალპურ, სუბნივალურ და ნივალურ ზონებს.
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის მიხედვით ფშავ-ხევსურეთი მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნი- ციპალიტეტში შედის და ბარისახოს, შატილის, მაღაროსკარისა და უკანაფშავის საკრებულოებს მოიცავს.