ხევსურეთი
ხევსურეთი მოიცავს არაგვის (ბარისახო, გუდანი — პირაქეთა ხევსურეთი), არხოტის, შატილისა და არდოტის (პირიქითა ხევსურეთი) ხეობებს. ხევსურეთს აღმოსავლეთით ესაზღვრება თუშეთი, ჩრდილოეთით _ რუსეთის ფედერაცია (ჩეჩნეთი), დასავლეთით _ ხევი და მთიულეთ-გუდამაყარი, ხოლო სამხრეთით _ ფშავი. ხევსურეთი ღრმა ხევებით არის დაღარული, მისი გეოგრაფიული სახელწოდებაც — “ხევსურეთი” — სავარაუდოდ, აქედან მოდის და ღრმა ხევებიან ადგილს ნიშნავს.
XX საუკუნის 50-იან წლებამდე ამ ხეობების აუზებში 81 სოფელი იყო ხალხით დასახლებული, მათ შორის 35 მდ. არაგვის სათავეების აუზში იყო განლაგებული. დღეისთვის ხევსურეთში 33 სოფელი მთლიანად დაცარიელებულია, მოსახლეობა 48 სოფელში ცხოვრობს (200 კომლი, 700 ადამიანი), თუმცა მათი უმრავლესობა ბარის რაიონებში იზამთრებს და ხევსურეთში მუდმივად მცხოვრები კომლით მხოლოდ 20 სოფელი რჩება.
ხევსურეთის მოსახლეობის დინამიკა
ბარისახოს თემი შატილის თემი
წლები 2010 2012 2010 2012
კომლთა რაოდენობა 204 163 67 56
მოსახლეობის რაოდენობა 604 526 251 119
ხევსურეთში ბარისახოსა და შატილის მუნიციპალიტეტები 10 ძირი- თად თემს აერთიანებს:
პირაქეთა ხევსურეთი (ბარისახოს თემის საკრებულო)
• გველეთის თემი — სოფლები: მოწმაო, სახილე, დათვისი, გველეთი, აჭეხა;
• ბარისახოს თემი — სოფლები: ქვემო ბარისახო, ზემო ბარისახო, კორშა;
• ჩირდილის თემი — სოფლები: ჩირდილი, ბუჩუკურთა, უაკანახო, ლიფოდა, უბანი, ოხერხევი;
• წყალსიქითის თემი — სოფლები: ღელისვაკე, ქმოსტი, როშკა, ბლო;
• გორშეღმის თემი — სოფლები: უკანხადუ, წინხადუ, ატაბე, ბაცალიგო, ჩხუბა, აყნელი, ზეისტეჩო;
• გუდანის თემი — სოფლები: გუდანი, ღული, ჭიე, ბისო, ხახმატი, ჭორმეშავი, ზენუბანი;
• ლიქოკის თემი — სოფლები: აკუშო, ჭალისოფელი, ქობულო, კეო, კარწაულთა, ბოგჩვილო;
პირიქითა ხევსურეთი (შატილის თემის საკრებულო)
• არხოტის თემი — სოფლები: ამღა, ჭიმღა, ახიელა;
• შატილის თემი — სოფლები: შატილი, გიორგიწმინდა, კისტანი, ლებაისკარი, გურო;
• მიღმახევის თემი — სოფლები: მუცო, ხანის ძირი, არდოტი, ხონე, ხახაბო, არჭილო, ანდაკი, წუქიე.
ხევსურეთის ღირშესანიშნაობები
არხოტი ხევსურეთის ჩრდილოეთ ნა- წილში, მდინარე ასას ხეობაში მდებარეობს, რომელსაც ჩრდილოეთ ინგუშეთი ესაზღვრება. იგი პირაქეთა ხევსურეთს საფეხმავლო ბილიკებით უკავშირდება. არხოტის თემის მთავარი სალოცავია ახიელის მიქაელ მთავარანგელოზის ჯვარი. არხოტში სამი სოფელიღაა შემორჩენილი.
ამღა არხოტის თემის მახლობლად მდებარეობს. ნასოფლარის ტერასებზე შენობათა ფრაგმენტულად შემორჩენილი კედლები ნაგებია ფიქლის მშრალი წყობით. სოფლის მიმდებარედ შემორჩენილია ძეგლები: გაგათ ციხე-სახლი, თეთრაულების კოშკი, ორბელთის ეკლესია და ნასოფლარი, ქავისკარის კოშკი, ეკლესიის ნანგრევების რკინისჯვარი, სვეტისანგელოზისჯვარი; ხატის კომპლექსში შედის დარბაზი, ბეღელი, `დროშათ საბძანი~ კოშკი, საზარე კოშკი და გალავანი.
ახიელი ბათაკათ ციხე-სახლი ახიელის ცენტრალურ ნაწილში დგას. სოფლის ზემო უბანში, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 200 მ მანძილზე ხარათ ციხეკოშკია.
ანატორის ჯვარი პირიქითა ხევსურეთში, შატილიდან 3 კმ-ზე, მდ. არღუნისა და მუცოსწყლის შესართავთან, ნასოფლარ ანატორში მდებარეობს. ისტორიული წყაროების მიხედვით, სოფელი XVIII ს-ში ამოწყდა. აქ, ძირითადად, სისაურებს უცხოვრიათ. გადმოცემის თანახმად, სოფელს ინფექცია “ჯამი” მოსდებია და რაკი დამმარხავი და აკლდამებამდე მიმყვანი არავინ რჩებოდა, ავადმყოფი ანატორელები თავიანთი ფეხით მიდიოდნენ აკლდამაში და მოთმინებით ელოდნენ სიკვდილს. აკლდამში კედლის გასწვრივ, ორ ან სამ იარუსად მოწყობილია მიცვალებულთა დასასვენებელი ფიქლის თაროები. არქეოლოგიური გათხრის დროს აკლდამაში ხის ჭურჭელი, სამკაულები, ისრისპირები და მონეტები აღმოჩნდა. ანატორის ჯვარი შატილის თემის საერთო სალოცავი იყო.
არდოტი შატილის თემში (პირიქითა ხევსურეთი) მდინარე ანდაქის მარცხე-ნა ნაპირზე გაშენებული სოფელია, რომელიც ზ.დ. 1820 მ-ის სიმაღლეზე, შატილიდან 15 კმ მანძილზე მდებარეობს. სოფელში არის XIX ს-ის ეკლესია, ე.წ. `თავისუფალი ჯვრის~ ტიპის ნაგებობა, ზვიადაურების კოშკი (სოფლის სამხრეთ ნაწილში, ფერდობზე), რომელიც გვიანდელ შუა საუკუნეებს განეკუთვნება, და ღვთისმშობლის ჯვარი. სალოცავში შედის დარბაზი, საზარე და სასანთლე კოშკები, საქვაბე, საჯარე და ბეღელი.
ბარისახო — ხევსურეთის ადმინისტრაციული ცენტრია. სოფელში განთავსებულია სკოლა, სამედიცინო პუნქტი, პოლიცია. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება ბარისახოს ხმალას ანგელოზისადმი შეწირული რიტუალური წყლის ჭურჭელი, ლომის გამოსა- ხულებით (XII-XIV სს.).
გიორგიწმინდას ციხეთგორის სამაროვანი — ეს არქეოლოგიური ძეგლი შატილიდან სამხრეთ-დასავლეთით ხუთი კილომეტრის მანძილზე, მდინარეების არღუნისა და გიორგიწმინდისწყლის შესართავთან მდებარეობს (სოფელი გიორგიწმინდა, პირიქითა ხევსურეთი) და ძვ.წ. III ათასწლეულის დასასრულით თარიღდება. ამჟამად სოფელში მუდმივი მოსახლე არ არის.
გუდანის ჯვარი (XIX სს) სოფელ გუდანში (პირაქეთა ხევსურეთი) მდებარეობს. იგი სამი ძირითადი საგვარეულო-სათემო გაერთიანების — არაბულების, ჭინჭარაულების და გოგოჭურების მთავარ ღვთაებად ითვლება და მთელი ხევსურეთის საკულტო ცენტრია.
გურო, შატილის თემის ყოფილი სოფელი, მდებარეობს შატილიდან სამხრეთ -დასავლეთით, 17,5 კმ-ზე. ამჟამად მუდმივი მოსახლეობა არ არის. სოფელში არსებული XVII-XVIII სს-ის კოშკი (ადრე ხუთსართულიანი იყო) საფეხურებიანი, პირამიდული ფორმისაა. თუმცა ამჟამად იგი დანგრეულია და მხოლოდ 2 სართული აქვს შემორჩენილი.
კისტანის ციხე-სოფელი, ისტორიულ- არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს მდინარე არღუნის ხეობაში, ზღვის დონიდან 1800 მ-ზე. აგებულია შუა საუკუნეებში.
ციხე-სოფელი რთულ, კლდოვან რელიეფზეა აშენებული და ორ კომპაქტურ უბნად იყოფა. სოფლის (ამჟამად ნასოფლარის) ძირითადი ნაწილი 30-მდე ციხე-სახლისგან შედგებოდა, რომლებსაც ერთდროულად საყოფაცხოვრებო და თავდაცვითი ფუნქცია ჰქონდა და რომლებიც ნანგრევების სახით შემოგვრჩა. სოფლიდან ცოტა მოშორებით, მაღალ ქარაფზე, აგებულია წმინდა თავდაცვითი ხასიათის ორი ნაგებობა, რომელიც კარგად არის შემონახული.
ლებაისკარის კოშკი — მდებარეობს მდინარე არღუნის ხეობაში, ნასოფლარ ლებაისკართან, ბარისახო-შატილის სამანქანო გზიდან 200 მ-ზე; განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. კოშკი გეგმით კვადრატულია, ხუთსართულიანია; ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი აღმოსავლეთით, II სართულზე, მიწიდან 2,2 მ-ის სიმაღლეზე აქვს.
მუცო, ციხე-სოფელი პირიქითა ხევსურეთში, მდინარე არდოტისწყლის ხეობაში, ზ.დ-დან 1800 მ სიმაღლეზე, შატილიდან 12 კმ-ში, მაღალი კლდეების თავზე მდებარეობს. მუცო უძველესი დროიდან წარმოადგენდა ერთ მთლიან საფორტიფიკაციო, თავდაცვით სისტემას და ჩრდილოეთიდან საქრთველოში მომავალი გზების დამცველ მთავარ პუნქტს. სოფელში, რომელიც ერთ საუკუნეზე მეტი ხნის წინ გაუკაცრიელდა, შუა საუკუნეების ორმოცამდესაცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების სახლია; ისინი მუცო-არდოტის ხეობის თავზე, ვერტიკალურ ტერასებზეა განლაგებული. დღეისათვის ოთხი საბრძოლო დანიშნულების ციხე-კოშკი და რამდენიმე საცხოვრებლის ნანგრევია შემორჩენილი, მათ შორის, ლეგენდარული თორღვას ციხე და კოშკი. მუცო, ძირითადად, ორ ნაწილად იყოფა: ზემოთა, უფრო ძველი, შეთეკაურთ უბანი და მეორე, შედარებით ახალი, დაიაურთ უბანი. მისადგომად რთული სოფელი პოპულარული ადგილია ტურისტებისა და მთამსვლე- ლებისთვის.
როშკა პირაქეთა ხევსურეთშია და ხევსურეთის ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა, რომელზეც მნიშვნელოვანი შიდა სამიმოსვლო გზა გადიოდა. XIX საუკუნიდან დაიწყო მთის მოსახლეობის მიგრაცია როშკიდან ერწო-თიანეთში. 1924 წლის აღწერით, სოფელში 137 სული სახლობდა, მისდევდნენ მესაქონლეობას. ამჟამად სულ რამდენიმე მუდმივი ოჯახია. დიდგორის ჯვარი — როშკა-ქმოსტის მთავარი სათემო სალოცავი სოფელთან ახლოს მდებარეობს. სალოცავში შედის დარბაზი, საკოდე და სახელოსნო. მთავარანგელოზის ჯვარი მდებარეობს მდინარე როშკისწყლის მარცხენა ნაპირზე, მაღალი მთის წვერზე. სალოცავში შედის ბეღელი, დარბაზი, მარიამწმინდის კოშკი და საზარე.
ხახაბოს ციხე-სოფელი მდებარეობს პირიქითა ხევსურეთში, შატილიდან 25 კმ-ის დაშორებით. სოფელში 30-ზე მეტი ციხე-სახლის ნანგრევებია შემორჩენილი. სოფლიდან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, მაღალი კლდის თავზე მდებარეობს თავადი ბედლისანგელოზის ჯვარი. ხატის კომპლექსში შედის ბეღელი, საქვაბე და საზარე.
შატილის ციხე-სოფელი ქართული სამშენებლო ხელოვნების ძეგლია. იგი კავ- კასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთით, ზღვის დონიდან 1400 მ სიმაღლეზე მდებარეობს. მანძილი შატილიდან თბილი- სამდე 150 კმ-ია.
კლდეზე შეფენილი, გვიანი შუა საუ- კუნეების სოფელი ერთდროულად საც- ხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც. მიჯრით ნაგები ციხე-სახლების რიგით იქმნება ერთიანი, მიუვალი, თავდაცვითი კედელი, რომელიც საიმედოდ კეტავს სოფელს. გარე სამყაროსთან შატილს არღუნის ხეობაში გამავალი ერთადერთი ვიწრო გზა აკავშირებს. შატილის განაშენიანება ტერასულია, შენობათა ძირითადი ტიპია ბრტყელსახურავიანი სახლი და კოშკური საცხოვრებელი. შატილის უნიკალურობა ციხე-კოშკების შიდა გასასვლელებით დაკავშირების სისტემაშია, რაც გარეთ გამოსვლის გარეშე მთელ კომპლექსში მოძრაობის საშუალებას იძლევა. 2007 წლიდან შატილი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის უბნების სიაში.