ფშავი
ფშავი ისტორიული ფხოვის სამხრეთ- აღმოსავლეთ ნაწილის XVI საუკუნის შემდგომი პერიოდის სახელწოდებაა. ამჟამად იგი, ხევსურეთთან ერთად, დუშეთის მუნიციპალიტეტს მიეკუთვნება. ფშავი ცნობილია საქართველოში, როგორც ვაჟა-ფშაველას სამშობლო, სადაც მთის ბუმბერაზი პოეტი დაიბადა და მოღვაწეობდა (სოფელი ჩარგალი). ფშავი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პატარა ისტორიულ-ეთნოგრაფიული პროვინციაა. მას ჩრდილოეთით ესაზ- ღვრება ხევსურეთი, დასავლეთით — გუდამაყარი, სამხრეთ-აღმოსავლე- თით — თიანეთი. ფშავის ტერიტორია მეჩხერადაა დასახლებული. რეგიონში ისტორიულად მცირე ზომის სოფლებია, რომლებიც მაღაროსკარისა და უკანა- ფშავის (შუაფხო) თემის საკრებულოებში შედის. მოსახლეობის მიგრაცია XIX საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს, იგი მძიმე საცხოვრებელი და ეკონომიკური პირობებით არის გამოწვეული. XIX საუკუნის ბოლოს ფშავში 48 სოფელი იყო და მოსახლეობა 5 ათასს აღემატებოდა, ამჟამად 20-მდე სოფელია დარჩენილი 1000 მცხოვრებით. მოსახლეობის რაოდენობის თვალსაზრისით უკანა ფშავში უკიდურესად მცირერიცხოვანი სოფლები გვხვდება, მათ შორის, 7 მათგანში 10 ადამიანზე ნაკლები ცხოვრობს. ფშავის მოსახლეობა დღეს გაფანტულია მდინარე არაგვის, იორის, ილტოს და ალაზნის სათავეებში. ისინი ცხოვრობენ ასევე გომბორში, ერწო-თიანეთსა და შირაქში.
ფშავის დასახლებული პუნქტებისა და მოსახლეობის დინამიკა. ბარისახო და უკანაფშავი
წლები 1886 1959 1970 2002
სოფლების რაოდენობა 48 33 30 30
მოსახლეობის რაოდენობა 5067 1411 1335 1002
ფშავის მთავარი მდინარეა არაგვი, რომელიც სათავეს ბოთანა-ბოროლოდან იღებს (3135 მ). ფშავის ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობით (1000-3000 მეტრი ზღ. დ-დან) არის გამოწვეული ჰავის ცვალებადობაც. აქ შედარებით რბილი ჰავაა, ვიდრე კავკასიონის ძირში. წლის საშუალო ტემპერატურა 11 გრადუსია, ზამთარი ცივია — საშუალოდ — 6 გრადუსი. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა 1000-1200 მმ-ია. წვიმიანი და ნისლიანი ამინდები უფრო ზაფხულში იცის.
თუშეთის შემდეგ საქართველოს რეგიონებიდან მეცხვარეობის მხრივ პირველ ადგილს ფშავი იკავებდა. ამ საქმიანობისთვის აუცილებელი საძოვრების გამო სახლობდნენ ფშაველი მეცხვარეები იორზე, გომბორზე, ერწო-თიანეთსა და შირაქში; სწორედ მეცხვარეობასთან (რომელიც მატყლის საკმაო მარაგს იძლეოდა) არის დაკავშირებული ფშაველი ქალების შინამრეწველობა.
ფშავის ღირსშესანიშნაობები
ფშავში საგვარეულო კოშკები არ შემონახულა. ვხვდებით მხოლოდ ნანგრევებს, განსაკუთრებით უკანაფშავში, სადაც ფშავის თემების მოსახლეობა თავდაპირველად სახლობდა. ეს ციხე-კოშკები, ძირითადად, XIII საუკუნეში განადგურდა მეფის წინააღმდეგ ფხოველების ამბოხების დროს. მათ აეკრძალათ ამ პერიოდში ციხე-კოშკების აღდგენა, თან ამ მხარეს უცხო ტომები შედარებით ნაკლებად ეტანებოდნენ და თავდაცვითი ბრძოლის წარმოება უციხოდაც შეეძლოთ.
ფშაური ციხის გალავანი
შუაფხოსა და გოგლაურთას მიჯნაზე, მაღალ გორაზე დარჩენილია ფშაური ციხის — „ციხე-გორის“ გალავანი, რომელიც მშრალი ქვითაა ნაგები. გალავნის ფართობია 14X25 მ. ციხე ძნელად ასასვლელია. ჩრდილოეთ მხარეზე ორი მეტრის სიმაღლის კედელია ამოყვანილი, სისქით 70 სმ. სამხრეთით ციხეს აკრავს ბუნებრივი კლდე, რომლის ჩრდილო-დასავლეთ მხარეზე სათოფურებია დატანებული.
ასეთივე ციხის გალავანია დაცული სოფელ მუქოში, ფართობით 50X50 მ. გალავანი მაღალია და სათოფურებით გამართული. მიშენებული აქვს ორი კოშკი. ორივე კოშკი ნახევრად დანგრეულია და მთიულური კოშკის ტიპისაა.