როგორ მოვხვდეთ რეგიონში და ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებზე

თბილისიდან ჩრდილოეთის მიმართულებით, სტეფანწმინდისკენ მიმავალ გზაზე 50 კმ-ში, სოფელ ჩინთთან  გადასახვევია ხელმარჯვნივ, სადაც გრუნტის გზა მიუყვება ჟინვალის წყალსაცავს, გაივლის სოფელ შუაფხოსა და ჩარგლის გზაგასაყარს, სოფელ მაღაროსკარს (ფშავის დმინისტრაციული ცენტრი) და მიემართება ბარისახოსკენ. ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორია სოფელ ორწყალთან იწყება, საიდანაც ხელმარჯვნივ, ფშავის  არაგვის გაყოლებაზე გზა უკანა ფშავში გადადის, ხოლო ჩრდილოეთით, ხევსურული სოფლების — ბარისახო, კორშა, გუდანი, ბისო და სხვ. — გავლით, გზა ულამაზეს სერპანტინს აუყვება და დათვისჯვრის უღელტეხილით (ზღ.დ-დან 2676 მ) შატილში გადადის. გზად მოჩანს ლებაისკარისა და კისტნის კოშკები. დათვისჯვრის უღელტეხილზე ხშირად დაინახავთ ხევსურეთის თვალუწვდენელი პეიზაჟების ცქერით განცვიფრებულ ტურისტების სახეებს.

• თბილისი — მცხეთა — ჩინთი — მაღაროსკარი — შატილი — 150 კმ; 4-5 სთ სავალი გზა, მათ შორის 70 კმ გრუნტის მთაგორიანი გზა.
• თბილისი — თიანეთი — მაღაროსკარი — ბარისახო — შატილი — 197 კმ; სავალი გზის დიდი ნაწილი (დაახლოებით 120 კმ) გრუნტის  თაგორიანი გზა.

თუშეთიდან და ხევიდან შესაძლებელია საფეხმავლო/საცხენოსნო ბილიკებით გადმოსვლა. იხილეთ ფშავის და ხევსურეთის ტურისტული მარშრუტები. საავტომობილო გზა მაღაროსკარსა და ბარისახომდე მთელი წლის მანძილზე ფუნქციონირებს, ხოლო ბარისახო-შატილის მონაკვეთი შემოდგომის მეორე ნახევრიდან გაზაფხულამდე დაკეტილია დიდთოვლობის გამო. შიდა სასოფლო-სამეურნეო გზები (არხოტის გარდა) ყველგან მიყვანილია, მათ შორის, შატილი-მუცოს თემებშიც, თუმცა პირიქითა ხევსურეთში ტრანსპორტით მოძრაობა მხოლოდ 5 თვის განმავლობაშია შესაძლებელი.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი

მიკროავტობუსი მოძრაობს შატილამდე კვირაში სამჯერ (სოფელ გამარჯვებიდან შატილამდე და დიდუბის ავტოსადგურიდან შატილამდე).

შუაფხოში კვირაში 3 დღე დადის ავტობუსი დიდუბის ავტოსადგურიდან.

ბარისახოში კვირაში 4 დღე გადის ავტობუსი, ხოლო მაღაროსკარსა და ჩარგალში — ყოველდღე.

მიკროავტობუსები მიემგზავრებიან ავტოსადგურიდან „დიდუბე“. მისამართი: ქ.თბილისი, კარალეთის ქ. 4. ავტოსადგური `დიდის~ გვერდით
მეტროს მიმდებარე ტერიტორია.