სალოცავები

ფშავ-ხევსურეთი უძველესი დროიდანვე თავისუფალი, დამოუკიდებელი მხარე იყო და ნაკლებად განიცდიდა სამეფო ხელისუფლების გავლენას, რის გამოც ჩვენს დრომდე შემორჩა ძველი მითოლოგიურ-რელიგიური წარმოდგენები და დღესასწაულები, რომლებიც სრულდება წმინდა ადგილებში საგანგებოდ აშენებულ ნაგებობებში-სალოცავებში, რომლებსაც ფშავლები- ხატს, ხევსურები კი ჯვარს უწოდებენ, თავიაანთ თავს კი ხატის, ჯვარის ყმად მიიჩნევენ.
ფშაველ-ხევსურნი თავიანთ სალოცავს ისე არ აღიქვამენ, როგორც ეკლესიას, ისინი სალოცავში სულის საცხონებლად კი არ მიდიოდნენ, არამედ მფარველობისთვის, დახმარების, შველის მიზნით ყოველგვარ საქმეში. თუ ადამიანი მორწმუნე იყო და მშრომელი სალოცავი ყოველგვარ გასაჭირში დაეხმარებოდა, ხელს მოუმართავდა მეურნეობაში, მგზავრობაში, მტერთან ბრძოლაში, ნადირობაში….
სამგზავროდ რაიმე საქმეზე მიმავალი ხევსური და ფშაველი სალოცავს საკლავს (მსხვერპლს) შეჰპირდებოდა. თუ საქმე უშედეგოდ დასრულდებოდა, მსხვერპლს მაინც შესწირავდა.
სანადიროდ წასული ხევსური და ფშაველი სალოცავს ჯიხვის რქებს შეჰპირდებოდა,თუ ხელს მოუმართავდა,ამიტომ არის სალოცავი კოშკები ჯიხვის თუ ირმის რქებით შემკობილი.
ყველა სოფელს აქვს ორი ან რამდენიმე სალოცავი,სადაც რელიგიური დღეობების დროს იკრიბებიან.
დღეობას ჯვარის, ხატის მსახურნი ატარებენ, რომელთა შორის უმთავრესია ხუცესი, ანუ ხევისბერი, შემდეგ მოდის ქადაგი, დასტური, მედროშე. მათ ევალებათ დღეობის მომზადება-ლუდის მოხარშვა, რიტუალური ქადა-საწირის, სანთლის, ტაბლის გაწყობა და დღეობის ჩატარება.
ფშავ-ხევსურებს ჰყავდათ, როგორც საკუთარი, ასევე საერთო სალოცავები, ხთიშვილები, რომლებიც სხვადასხვა სახის (ირმის, ქორის, გველის, მტრედის, ხარის, და ფუნქციის მატარებელნი არიან. მათ აკისრიათ მიწათმოქმედების, მესაქონლეობის, ნაყოფიერების, ლაშქრობის, ნადირობის, სტიქიური მოვლენებისა და მავნე სულთაგან დაცვის, მკურნალობის და ა. შ ფუნქციები.
სალოცავებიდან უმტავრესია მორიგე ,შემდეგ მოდის კვირია,რომელიც შუამავალია ხთიშვილებს, მოსახლეობასა და მორიგეს შორის.
გადმოცემით მორიგემ ხთიშვილები ციდან სინათლის სვეტის, ვერცხლის შიბის…. სახით გადმოუშვა და სადაც სხივი დაეცა, მოსახლეობამ იქ კოშკი ააშენა და სალოცავი დაარსა. ზოგი ხთიშვილი კი თავიდან რეალური პიროვნება იყო; მორიგემ მათ ღვთაებრივი ძალა მიანიჭა, უბოძა სამოსი, მახვილი და შემდეგ მოხდა მათი გახთიშვილება, მათ ,,ნახორცვილარი“ ხთიშვილები ეწოდებათ, ( კოპალა, იახსარი, პირქუში….)
უძველეს დროს ფშავ-ხევსურთა მიწების უმეტესი ნაწილი დევებს ეკავა, რომელნიც ავიწროებდნენ მოსახლეობას. დევები ავთანდილ. ბეღელა, მუზა, სუმბატა, გამხვეურა… მჭედლობის მესაიდუმლე, სხვა რჯულის არსებანი იყვნენ, არ მისდევდნენ მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას, ნადირობითა და მჭედლობით ირჩენდნენ თავს. ამზადებდნენ სამეურნეო და საბრძოლო იარაღს, თუმცა თავად ამ იარაღის გამოყენება არ იცოდნენ.
ხალხმა დევებისაგან გასათავისუფლებლად შველა მორიგეს სთხოვა, რომელმაც მათ დასახმარებლად ხთიშვილები გამოაგზავნა. ხთიშვილებმა განდევნეს დევები, მათი ადგილები თავად დაიკავეს, ხალხს საარსებო მიწა მოუპოვეს, თავად კი სალოცავებად იქცნენ.
ხთიშვილებს ფუნქციები შემდეგნაირად აქვთ განაწილებული: ფშაველთა – ლაშარის და ხევსურთა გუდანის ჯვარი ( ბერი ბაადური) მოლაშქრე ხთიშვილები არიან. მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში ისინი მფარველობენ მეომრებს.
კოპალა და იახსარი დევ-კერპთა და ეშმაკეული სულებისგან იცავს მოსახლეობას.
ხახმატის ჯვარი/გიორგი ნარვარმშვენიერი/ ნაყოფირების, მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის სალოცავია.
ცროლის სამება და ანატორის ჯვარი მონადირეთა და მეკოპრეთა სალოცავია.
დამასტური და საჩალის ჯვარი ამინდს განაგებენ.
პირქუში მჭედლობის მფარველი სალოცავია.
ფშავ-ხევსურთა სალოცავებში დღეობები ქრისტიანულ კალენდარს ემთხვევა, ზოგჯერ სხვა სახელწოდებით ( შობას ჰქვია- ქრისტე, აღდგომას- აღვსება, სულთმოფენობას-ხალარჯვება…) ასევე აქვთ განსაკუთრებული დღეობები – ათენგენობა, ლაშარობა, დატიობა…
სალოცავებში და მის სიახლოვეს მხოლოდ დღეობის დროს მიდიან, დანარჩენ დღეებში იქ მისვლა აკრძალულია, განსაკუთრებით უცხო პირთა, ბავშვების და ქალების, რადგან ეს ადგილები წმინდად და შეუვალად არის მიჩნეული, სალოცავის ტერიტორია ერთვგვარი ნაკრძალია, სადაც არ შეიძლება არანაირი სამეურნეო საქმიანობა-ხვნა-თესვა, თიბვა, ხის, მოჭრა, მშენებლობა.წინააღმდეგ შემთხვევაში სალოცავი დობილთა დახმარებით მათ დასჯის- რაიმე დაავადებას შეჰყრის, ან ფათერაკს მოუვლენს, აზარალებს. (დობილნი სალოცავის დამხმარე მავნე სულები არიან)
თვითონ სალოცავი როგორც არქიტექტურული ნაგებობა რამდენიმე სხავადასხვა ფორმის მშრალი ქვის წყობით აგებული ჯიხვის ან ირმის რქებით შემკული შენობაა. ესენია დარბაზი, ბეღელი, საქვაბე, საზარე, კვრივი, დობილნი, იქვეა მცირე ზომის ყრუ კოშკები. სალოცავის ტერიტორიაზე დგას იფნის, მუხის, წიფლის… საუკუნოვანი ხეები და ყოველ სოფელში განცალკევებით მდგარი, დაცული, ასეთი ხეების არსებობა მიგვანიშნებს სალოცავების ადგილ-მდებარეობას. თითვეულ სალოცავს აქვს მოსახლეობისგან სხვადასხვა დროს შეწირული მიწები და ხარები, რომელთაც ჯვარის, ხატის მსახურნი ამუშავებენ და უვლიან. მიღებული მოსავლით დრეობას ატარებენ, ხარებს კი რომელიმე დიდი დღეობის დროს შესწირავენ ,ხორცს სოფელი თანაბრად ინაწილებს.
ხშირ შემთხვევაში სალოცავის სიახლოვეს მდებარეობს სოფლის სასაფლაოც.

ფშავის სალოცავები
ფშავის ყველა სოფელს აქვს საკუთარი სალოცავი – ხატი. ამას გარდა ფშავის მოსახლეობა გვარების მიხედვით დაყოფილია თორმეტ თემად და თითოეულ თემს ჰყავს საკუთარი სათემო ხატი.
ფშაველთა უმთავრესი სალოცავია ლაშარის ჯვარი, იგი უკანაფშავის ხეობაში მდებარეობს. იგი ფშავის თორმეტივე თემს აერთიანებს. აქ იმართება დიდი დღეობა ლაშარობა, რომელსაც თავხევისბერი ატარებს. ფშავის თითოეული თემი თავიანთ სათემო სალოცავში დღეობას რომ ჩაატარებს, შემდეგ წინ წაიმძღვარებს ხატის დროშას და ლაშარში მიდის, სადაც მათ საკუთარი საბრძანისი-საჯარე აქვს.
ძველ დროს ლაშარის ჯვარში იდგა წმინდა ბერმუხა. არაგვის ფეოდალებმა სცადეს ხის მოჭრა, რათა ფშავი დაემორჩილებინა, მაგრამ ვერ შეძლეს.
სოფ. მაღაროსკარი. ბზიანას სალოცავი. ბზიანას ხატის სახელი მცენარე ბზას უკავშირდება. ბზა წმინდა ხედაა მიჩნეული. გადმოცემით ბზა აქ თამარ მეფემ დარგო.
მაღაროსკარის ზემოთ არაგვის ხეობაში არის კოპალას ხატი. ამ ადგილას კოპალამ გაანადგურა დევები და ადგილი თვითონ დაიკავა. შემორჩენილია ამ გადმოცემათა ამსახველი რამდენიმე ნაშთი და ტოპონიმი –კართანა, დევების აბანო, დევების სასფლაო, ავთანდილის საქანი, კოპალას ქვა, კოპალას ნალახტარი…..
თვით კოპალას უმთავრესი სალოცავი სოფელ უძილაურთაშია.
კოპალა. გადმოცემით კოპალა რეალური პიროვნება იყო. მორიგემ მას უბოძა ზებუნებრივი ძალა, სამოსელი და აღჭურვა იარაღით.
დევებისაგან შევიწროვებულმა ხორნაულმა კოპალას პირველმა შესწირა მამული, ხარები და დახმარება სთხოვა. აქედან დაიწყო კოპალას ბრძოლა დევებთან. ფშავში და ხევსურეთში რამოდენიმე სოფელში არის კოპალას სალოცავები.
სოფ შუაფხო იაღსრის ხატი
იაღსარი.(იახსარი) იაღსარი ხთიშვილებიდან ფიზიკურად ყველაზე ღონიერია. იგი კოპალასთან ერთად ებრძვის დევებს, იაღსარმა ფშავში დევები რომ გაანადგურა, ერთი დევი გაექცა ხევსურეთისაკენ, უკან მიჰყვა სოფელ როშკასთან დაეწია და ლახტი ესროლა. დევი ერთ ქვის ლოდს მოეფარა. ლახტი ქვას მოხვდა და შუაზე გააპო. ეს ორად გახლეჩილი ქვა ახლაც არის სოფელში. დევი გაიქცა და აბუდელაურის ტბაში დაიმალა. იახსარი ჩაჰყვა ტბაში და მოკლა დევი. დევის სისხლი ტბის ზედაპირზე შედედდა, იაღსარს მხრები შეუკრა და აღარ ამუშვა. მაშინ იაღსრის ყმებმა ქადაგის რჩევით ტბაზე ოთხრქა-ოთხყურა ცხვარი შესწირეს მცხვერპლად და გაანთავისუფლეს იაღსარი, რომელიც ტბიდან მტრედის სახით ამოვიდა და იქიდან გაფრენილი სადაც დაჯდა, ხალხმა იქ სალოცავი დაარსა. იარსარი საბოლოოდ სოფელ შუაფხოში დამკვიდრდა, თუმცა მისი სახელობის სალოცავები ფშავ-ხევსურეთი სხვა სოფლებშიც არის.
ფშავის თემთა სალოცავები:
სოფ ცაბაურთა– მთავარანგელოზი
სოფ.გოგოლაურთა–მთავარმოწამე
სოფ.მუქო– მოხარნადე ხვთიშობელი
სოფ.მათურა –მთავარანგელოზი
სოფ ხოშარა– ძელის ანგელოზი
სოფ ჭიჩო–თამარ ნეფე
სოფ ახადი – პირქუში
სოფ.წითელაურთა– კოტიას წმინდა გიორგი
სოფ. უკანაფშავი– გიორგი წყაროსთაული

ზემოთ ჩამოთვლილი სათემო ხატების გარდა, სოფლებში კიდევ არის რამდენიმე სხვადასხვა დასახელების სალოცავები.

ხევსურეთის სალოცავები
ხევსურები თავიანთ სალოცავს ჯვარს უწოდებენ. ყველა სოფელს რამდენიმე სალოცავი აქვს, რომლებიც, როგორც თვით სოფლის სიახლოვეს, ასევე სოფლიდან დაშორებით მთის მწვერვალებზე მდებარეობს, თითქმის ყველა სოფელშია ხვთისმშობლის ჯვარი, რომელსაც ადგილის დედას უწოდებენ
უმთავრესი სალოცავი, რომელიც მთელ ხევსურეთს აერთიანებს სოფელ გუდანში მდებარეობს.
გუდანის ჯვარი–საღვთობერი ბაადური მოლაშქრე ჯვარია. მტერთან საომრად გამზადებული ხევსურები ბრძოლის წინ აქ იკრიბებოდნენ, გამოაბრძანებდნენ სალაშქრო დროშას და ქადაგს დასვამდნენ, რომელიც მომავალი ბრძოლის ბედს განსაზღვრავდა. მტერთან ბრძოლის დროს ხევსურთა ლაშქარს თეთრ ცხენზე ამხედრებული გუდანის ჯვარი ეცხადებოდა და მეომრებს ძალა მატებდა.
მშვიდობიანობის ჟამს, როდესაც ათენგენობას ზეიმობდნენ გუდანის ჯვარიდან მიდიოდნენ სანეს მთაზე, სადაც მთელი ხევსურეთი იყრიდა თავს და დიდი ლხინი იმართებოდა სპორტული შეჯიბრებებითა – ცხენოსნობა, ფარიკაობა, ჭიდაობა, სიმძიმეების აწევა, თოფის სროლა. ყოველ ახალ წელს გუდანის ჯვარში ქადაგს დასვამდნენ, რომელიც მომავალი წლის პროგნოზს განსჭვრეტდა.
გუდანის ჯვარში ხდებოდა ადათობრივი სამართლის-რჯულის მუხლების შემუშავება, რომელიც მთელ ხევსურეთში ვრცელდებოდა.
ხევსურეთში მეორე დიდი სალოცავი მდებარეობს სოფელ ხახმატში.
ხახმატის ჯვარი, გიორგი ნაღვარმშვენიერი. ამ სალოცავს ხევსურების გარდა, ლოცულობდნენ ფშავლები, გუდამაყრელები, ჩეჩნები. ხახმატის ჯვარი მიწათმოქმედების, მესაქონლეობის, ნაყოფიერების მფარველი სალოცავია. აქვე მოდიოდნენ უშვილო ქალები, რათა მათ ვაჟიშვილი შესძენოდა და მხედრები – რომ მათ ცხენებს კარგი კვიცი გაეჩინა.
უძველეს დროს ხახმატის ჯვარმა დალაშქრა ქაჯთა ქვეყანა, საიდანაც ნადავლის სახით წამოიღო ე.წ ,,ქაჯავეთური განძი“-ყოფისთვის საჭირო საგნები, რომლებიც ფშავ-ხევსურეთის ხთიშვილებს გაუნაწილა. ეს განძი იყო: გრდემლ – კვერი, საცერი, საკადელი, ზარი, ფანდური, სასწორი და ა.შ.
ქაჯავეთიდანვე მოასხა ნახირი და წამოიყვანა ტყვე ქალები – სამზიმარი, მზექალი, აშექალი, თამარქალი, რომლებიც მოაქცია და დობილებად გაიხადა.
ხევსურეთის სოფლები მდებარეობს კავკასიონის სამხრეთ და ჩრდილოეთ ხეობებში, რის გამოც იწოდება პირაქეთა და პირიქითა ხევსურეთად.
რამდენადაც ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო წლის განმავლობაში ამ სოფლებს შორის კავშირი გაწყვეტილი იყო, ისინი მაინც ინარჩუნებდნენ მჭიდრო ურთიერთობას ერთმანეთთან.
პირაქეთა ხევსურეთი ხეობების მიხედვითაა თემებად დაყოფილი.
არაგვის თემი
სოფ მოწმაო-მთავარანგელოზი
სოფ დათვისი –ღვთისმშობელი-ადგილის დედა
სოფ გველეთი– მთავარ ანგელოზი
სოფ ბარისახო –ღვთისმშობელი-ადგილის დედა
სოფ ჩირდილი წმინდა გიორგი,ადგილის დედა
სოფ უკანახო – პირიმზე, ფუძის ანგელოზი. ამ სალოცავს ლოცულობენ გუდამაყრელებიც.
სოფ ბუჩუკურთა- მთავარანგელოზი

ლიქოკის ხეობა
სოფ ქობულო- ღვთისმშობელი-ადგილის დედა
სოფ აკუშო-კოპალს ჯვარი, ციხეგორი
სოფ ჭალისოფელი-კოპალა, კარატის ჯვარი. კარატის ჯვარი ებრძვის, როგორც ეშმაკეულ სულებს , ასევე კურნავს ფსიქიკურად სნეულ ადამიანებს.
შუბნურის ჯვარი. ეს სალოცავი ხალხის წარმოდგენით გველეშაპის სახით არის და წყალ-ჭალას ყარაულობს

გორშეღმის ხეობა
სოფ ბაცალიგო–პირქუში
პირქუში მჭედლობის მფარველი ხთიშვილია და სამჭედლო საქმეს განაგებს. იგი ეხმარებოდა კოპალას და იახსარს დევების წინააღმდეგ ბრძოლაში და მათ საომარ იარაღებს უმზადებდა.
პირქუში ასევე ჭედდა სამეურნეო იარაღებს და რიტუალურ ვერცხლის თასებს ფშავ-ხევსურეთის სალოცავებისთვის. ამავე დროს ბაცალიგოს პირქუში დამსჯელი ღვთაებაც არის. თუ ვინმე მის ტერიტორიაზე უდროო დროს გაივლიდა, ან უღირს საქციელს ჩაიდენდა, მას ჯვარი დასჯიდა-შეჰყრიდა განუკურნავ დაავადებას.
სოფ ატაბე-კვირია
კვირია (კვირა) მორიგეს შემდეგ მოიხსენიება ჯვარის სადიდებელ ტექსტებში. მას მორიგეს მარჯვენა გვერდით ,,უდგას კარავი“ და შუამავალია მორიგესაა და სხვა ჯვრებს (ხთიშვილებს) შორის.
სოფ ხადუ-ცროლის სანება
ცროლის სანება მონადირეთა და მეკობრეთა მფარველი ჯვარია, ამავე დროს იგი ვაჟიშვილის (მემკვიდრის) მომცემი ჯვარიც არის.
სოფ.ზეისტეჩო-სახმთო
ზეისტეჩოს ჯვარი -სახმთო თავდაპირველად სანეს მთაზე იდგა,მაგრამ მას არ მოსწონდა ცხენთა რბოლა (ცხენოსნობა) და ქალებთან წოლა (სწორფრობა), ამის გამო განაწყენდა და სოფელ ზეისტეჩოში გადავიდა.
სოფ ჭორმეშავი-ფიცრული-ხელი სამძიმარი
ხელი სამძიმარი ხახმატის ჯვარმა წამოიყვანა ქაჯავეთიდან, დობილად გაიხადა და ხთიშვილთა თანაბარი ძალა მიანიჭა.
სოფ ხიტალე-პეტრე მოციქული
სოფ ღული-კოპალა.

წყალსიქითის ხეობა
სოფ ქმოსტი-თეთრი გიორგი
სოფ როშკა-დიდგორი
სოფ ბლო -მუხის გიორგი

მთასიქითის ხეობა
დათვის ჯვრის უღელტეხილით შევდივართ მთასიქითისა და მიღმახევის სოფლებში.
სოფ კისტანი-ნახარელა
სოფ შატილი -მთავარანგელოზი.ღვთიშობელი
ანატორი
ანატორის ჯვარი მონადირეთა მფარველი ღვთაებაა, მას ლოცულობდნენ მეზობელი ჩეჩნებიც. ანატორის ჯვარის სიახლოვეს სამანქანე გზაზე მდებარეობს ანატორის აკლდამები-მიწისზედა სამაროვანი ძეგლი. ანატორი უძველესი ნასოფლარია. სოფელში ჟამი გაჩნდა. დაავადებული მოსახლეობა ჭირი რომ არ გავრცელებულიყო აკლდამებში შედიოდა და იქ ელოდებოდა სიკვდილს.
მიღმახევის ხეობა
ანატორიდან შევდივათ მიღმახევის სოფლებში.
სოფ. მუცო-ბროლისკალი
სოფ არდოტი-სომხოს წმინდა გიორგი
სოფ ხახაბო- ვაკის ჯვარი
სოფ ხონე – მთავარანგელოზი

არხოტის ხეობა
სოფელ როშკის გავლით არხოტი მთის უღელტეხილით შევდივართ არხოტის სოფლებში.
სოფ კვირიწმიდა-წყალშუის ჯვარი
სოფ ჭიმრა -ჭიშველის ჯვარი
სოფ ახიელი-მთავარანგელოზი
სოფ ამრა-იახსარი,რკენა
ხოგაის მინდის ნასახლარი/საბეკურის კარი/
სოფელ ამღაში არის ხევსურეთის ეროვნულ-მითოლოგიური გმირის ხოგაის მინდი, იგივე გველისმჭამლის ნასახლარი, რომელიც წმინდა ადგლადაა გამოცხადებული. ხოგაის მინდი ბავშვობაში ქაჯებმა მოიტაცეს. ტყვეობა იმდენად გაუჭირდა, რომ თავის მოკვლის მიზნით გველი შეჭამა, რითაც ქაჯები იკვებებოდნენ. გველის ჭამის შემდეგ მინდი გახდა ბრძენი, წინასწარმეტყველი და მკურნალი,რომელსაც ესმოდა ნადირ-ფრინველთა და მცენარეთა ენა იცოდა, რომელი ბალახი რა სნეულებებს კურნავდა, თავისი სიბრძნის წყალობით მინდიმ თავი დააღწია ქაჯთა ტყვეობას, დაბრუნდა ხევსურეთში და გახდა სასწაულმოქმედი ექიმი.
ხოგაის მინდის სიკვდილის შემდეგ ხალხმამისი ნასახლარი წმინდა ადგილად გამოაცხადა.
შოთა არაბული

Сохранить