სამზარეულო
ფშავ-ხევსურეთში კუთხისთვის დამახასიათებელია რძის პროდუქტები, ხორცი და ლუდი. პურს, ძირითადად, ქერისგან აცხობდნენ (მრგვალი ფორმისას) და იყენებდნენ ქვის ღუმელს. დღესაც შემორჩენილია დღესასწაულებზე პურის ხის საჭვრეთით (სხვადასხვა ნიშნების ამოჭრა) აჭრელება. ქადა ცხვება ყველიანი და ხავიწიანი (გულიანი). ხინკალი — ხორცის, ხაჭოსი და კარტოფილისა მზადდება.
რძისგან ამზადებენ ერბოს, ყველს, დამბალ ხაჭოს (დამბალი ხაჭო ფშაურია, იგი საქართველოს არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად იქნა აღიარებული 2014 წელს). ხორცეულიდან გამოიყენება საქონლისა და ცხვრის ხორცი.
ერბოსგან ამზადებენ ასევე ტრადიციულ კერძს — ხავიწს (ერბო და ფქვილი). საპატიო საჭმელად აქ სტუმარს უმზადებენ ხინკალს (ძირითადად, ცხვრის ხორცისგან დამზადებულს, ასევე ხაჭოს და კარტოფილის, ხახვ-პილპილით შენელებულს) და კეცეულას (ერბოში მომწვარი ხაჭაპური).
ხავიწი — 4 კგ. ერბო 50 გრ. რძე (ან წყალი) 1 სუფრის კოვზი მარილი 1.5 კგ.რუხი ფქვილი ხავიწი მზადდება მოკალულ სპილენძის ქვაბში. 50 გრ რძეში ან წყალში გავხსნათ 1 სუფრის კოვზი მარილი. მასას შევურიოთ 4 კგ ერბო და ვურიოთ, სანამ არ გაიხსნება. ადუღების შემდეგ დავუმატოთ 1.5 კგ რუხი ფქვილი. დავდგათ ნელ ცეცხლზე და 2 სთ-ის განმავლობაში პერიოდულად ვურიოთ ბრტყელი ხის კოვზით. თავდაპირველად მივიღებთ სქელ მასას, რომელსაც უნდა მოვურიოთ მანამდე, სანამ აღნიშნული მასა არ დაიწყებს გათხელებას — ფქვილის მასა წავა ქვაბის ფსკერისკენ, ხოლო ზემოთ ამოვა ერბო. როდესაც მასა ფერს შეიცვლის და გამუქდება, ხავიწი მზადაა.
ხილი და ბოსტნეული კარგად ხარობს პირაქეთა ხევსურეთსა და ფშავში. მხალეულიდან იყენებენ: თითმავალას, ნაცარქათამას, ჩადას, ჭინჭარს, გუგლუმას და წიწმატს. ხილიდან ხარობს: მსხალი, ვაშლი, მარწყვი, ჟოლო, ხუნწი, ორყუნწა, შალშავა (მოცვი) და სხვ.
დღესასწაულებზე სუფრისთვის ფშავ- ხევსურეთში მზადდება არაყი და ლუდი. არაყს ხდიან ქერისას, სვიისას და ქერ-სვიისას, აგრეთვე, ზოგჯერ დიდგულასა და ანწლისაგანაც. ლუდი აქ საპატიო სასმელია.