საბრძოლო იარაღი და აღჭურვილობა
ფშავ-ხევსურეთში იარაღი დიდად ფასობდა. აღჭურვილობაში შედიოდა: თოფი, დამბაჩა, ხმალი, ხმალ-ჯოხი, ხანჯალი, შუბი, მათრახი, საბრძოლო სათითეები, ფარი, ჯაჭვის პერანგი, ჯაჭვის ხელთათმანი, სამუხლეები და სხვა. ფშავ-ხევსურეთში მჭედლობა ტრადიციული და განვითარებული დარგი იყო. იჭედებოდა როგორც მახვილები, ასევე თოფის ლულები, ასურული ტიპის ჯაჭვის პერანგები, ფარები, რომელთაც შავად ღებავდნენ, რომ მთვარის შუქზე არ აპრიალებულიყო. თოფების სახეობიდან პოპულარული იყო: ისტამული (თურქული), ხირიმი (ყირიმული), მაჟარი (უნგრული), სიათა (ფრანგული). ხმლების სახეობიდან — ხევსურული “ფრანგულა”, დავითფერული, დედალ-ფრანგული (გერმანული და ავსტრიული), მამალ-ფრანგული (იტალიური), დედალ-მისრული (დამასკოური), ხოროსნული და სხვ. ხანჯლების სახეობიდან — შამხალი, თარღო, ლეკური, ქისტური და სხვ. იარაღს ადგილობრივი ხელოსნები ამზადებდნენ.