გადმოცემები და ლეგენდები
ფშავში სწამდათ, რომ არსებობდა ფუძის გველი, რომელიც მუდამ სახლის გარშემო ტრიალებს; მას ხშირად ნახულობდნენ, მაგრამ არ კლავდნენ. გველი ბანიანი სახლის კოჭის თავზე სახლობდა, ხოლო ოჯახის წევრები მის ქვემოთ სადილობდნენ.
გაზაფხულზე, გუგულის მოსვლის დრო რომ მოახლოვდებოდა, ყველა ცდილობდა, დილით უნაყროს არ გაეგონა გუგულის ხმა. თუ გუგული პურუჭმელს ძახილს დაასწრებდა, იმ ზაფხულს ადამიანი დასუსტდებოდა. ამიტომ, თუ ლოგინიდან წამოდგომისთანავე ხეზე გუგულს შეამჩნევდნენ, ლუკმას ჩაიდებდნენ და დაუძახებდნენ „გუგულო, მიძლევიხარო“.
მიწლიკონის დასაფლავება. არსებობს ერთგვარი მოგრძო, სხვადასხვა ფერის ბუსუსიანი ჭია — მიწლიკონი. ამ ჭიის ნახვა ცუდის მომასწავებელი იყო. ვინც მას შემთხვევით იპოვიდა, ცოცხლად ასაფლავებდა და როგორც მიცვალებულს, მოთქმით ტიროდა. ცდილობდა, ცრემლით დაეტირა: „მიწლიკონავ, მიწლიკონავ, ეხლა მიწას მიგაბარეთ. სანამ ასდგები და ცხრა მთას იქით გადახვალ, მანამ მიცოცხლენ ჯალაფნი და მამის სახლიო, მიწლიკონა მამკვდარიყო, ილილმე და იშილმეო“.