სწორფრობა, ქორწილი და ბავშვების აღზრდა
ფშავური წაწლობა და ხევსურული სწორფრობა
წაწლობა ფშავში და სწორფრობა ხევსურეთში — ეს უნიკალური წეს-ტრადიცია გასულ საუკუნემდე არსებობდა. ეს იყო სიყვარულის ნიადაგზე აღმოცენებული მეგობრობა ქალისა და ვაჟისა. თუ ქალ-ვაჟს ერთმანეთი მოეწონებოდა, ვაჟი ქალს ძმობას ეტყოდა; თუ ქალიც თანახმა იყო, მათ შორის დაიწყებოდა სწორფრობის (იგივე წაწლობა ფშავში) რომანტიკა. მართალია, ერთად წვებოდნენ, მაგრამ მათ შორის სქესობრივი კავშირი გამორიცხული იყო და მხოლოდ კოცნა-ალერსით კმაყოფილდებოდნენ. მათ შუა იდო ალესილი მახვილი. ეს იყო სიმბოლური და, ამასთან ერთად, საბედისწერო ზღვარი, რომლის გადალახვა არ შეიძლებოდა. გათხო- ვების შემდეგ ქალს ეკრძალებოდა ძმობილთან წოლა, ვაჟი კი ცოლიანობის დროსაც განაგრძობდა გაუთხოვარ ნადობთან სწორფრობას. სწორფერობდნენ და წაწლობდნენ ერთი თემისა და გვარის ქალ-ვაჟნი, ნათესავთა შორის სწორფრობა დასაშვები იყო. და-ძმობილთა ტრფიალი პირველ ხანებში მოკითხვა-საჩუქრებში გამოიხატებოდა. სწორფერი ქალი თავის ძმობილს უქსოვდა და უქარგავდა საბეჭურს, საწვივეს, სათამბაქოეს და სხვა. ვაჟი კი თავის ძმობილ ქალს უძღვნიდა მძივებს, ღილ-ქინძისთავებს, ვერცხლის სამკაულს და სხვა.
სწორფრობის ინსტიტუტის წარმოშობის ისტორია დღემდე ბურუსითაა მოცული და ამოუცნობი ფენომენია, თუმცა ეს წესი ამ კუთხის მკვიდრთა მაღალი ზნეობისა და ვაჟის მხრიდან ქალისადმი რაინდული დამო- კიდებულების დასტურად შეიძლება ჩაითვალოს.
ნიშნობა, ქორწილი, ცოლ-ქმრობა
ფშავ-ხევსურეთში აკვანში დანიშვნის ტრადიცია დიდხანს იყო შემონახული. მსგავსი ტრადიცია დადასტურებულია მთელს კავკასიაში და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ოჯახი შეარჩევდა თავისნაირ ოჯახს და იწყებდა მასთან ნათესაური კავშირის დამყარებას, აკვანში მწოლიარე ბავშვის — ვაჟის ბიძა “ნიშანს”, სიმბოლურ საჩუქარს (ვერცხლის ფულს), ქსოვილზე დამაგრებულს წაიღებდა და, სარძლოს მშობლებთან ერთად, “ძვირფასეულობას” აკვანზე დაკიდებდა; ასევე მიიტანდა არაყს, “ქადა-პურს” და ახალდანიშნულთა ბედზე დაილოცებოდნენ. რიტუალი მეორდებოდა ყოველ ახალ წელს, ქორწილამდე. ქორწილის განმავლობაში ნეფე-დედოფალი ცალ-ცალკე უნდა ყოფილიყვნენ.
კვირის თავზე პატარძალი ისევ მამის სახლში ბრუნდებოდა და ერთ წელიწადს იქ რჩებოდა. ესეც ურთიერთგაცნობისა და გამოცდის თავისებური საშუალება იყო: ახალშეუღლებულნი ერთმანეთის პატიოსნებაში, წესიერებაში, ერთგულებაში დარწმუნდებოდნენ და მხოლოდ ამის მერე ებმებოდნენ დამოუკიდებელი ცხოვრების უღელში.
ბავშვების აღზრდა
ბავშვს ფშავ-ხევსურეთში აკვანში ზრდიდნენ. აკვანი ყუთს წააგავს, ხისაა და დაბალი. მასში ჩაგებული იყო ჩალა. ნათლობის სახელს საეკლესიო კალენდრის მიხედვით არქმევდნენ, ან ტრადიციულ სახელს შეურჩევდნენ. ბავშვების აღზრდაზე, განსაკუთრებით — ვაჟებზე, უფრო მამა ზრუნავდა. ხევსურეთში ვაჟებს პატარაობიდანვე ხანჯლებს ჰკიდებდნენ და 10-12 წლის ყმაწვილი იარაღს თავისუფლად ხმარობდა. მამები ვაჟებს დიდთა წრეში ზრდიდნენ, აჩვევდნენ საუბარს და ასწავლიდნენ ადათჩვევებს.