რელიგია

მთის ხალხის წეს-ჩვეულებებში დღემდე შემორჩენილია წარმართული და ადრე- ქრისტიანული წარმოდგენები. მათი სალოცავია „ხატი“, იგივე “ჯვარი”. იგი მთიელებს „ღვთისშვილებთან“ ჰყავთ გაიგივებული, რომელნიც ოდესღაც „ხორციელნი“ იყვნენ და აღსასრულის შემდეგ ანგელოზებად იქცნენ. ხორციელობის ჟამს ისინი (მაგ. კოპალა, იახსარი, პირქუში) მთაში ცხოვრობდნენ და ადამიანთა მტრებს — დევ-კერპებს ებრძოდნენ. სწორედ ამის გამო გადაქცეულან ისინი „სულიწმინდებად“. ღვთაებები დაჯგუფებული იყო იერარქიული კიბისა და ფუნქციონალობის მიხედვით. თითოეულ ღვთაებას მიჩენილი ჰქონდა თავისი სამოღვაწეო ასპარეზი, რომელსაც მხოლოდ ის განაგებდა. ამასთანავე, თითოეულ ღვთაებას ჰყავდა ხელქვეითი, რომელიც მის ნებასა და ბრძანებას ასრულებდა. ღვთაებათა მოღვაწეობა დაკავშირებული იყო ხევსურეთის სოციალ-ეკონომიკურ მოთხოვნებთან.
რეგიონში დაცულია ჯვარ-ხატის „საბრძანისები“ და ხატობა ადგილობრივ მოსახლეობაში დღესაც იმართება. საბრძანისი და მისი ნაგებობანი წმინდა და შეუვალ ადგილს წარმოადგენს, რომელიც, როგორც წესი, მუხითა და იფნის ხეებით არის გარშემორტყმული. ხატში რამდენიმე საკულტო ხასიათის ნაგებობაა. მათ შორის მთავარია ხატის „ნიშ-საბრძანისი“ — სიპი ქვისგან მშრალი წყობით ნაგები ოთკუთხა პირამიდული ფორმის ნაგებობა. აქვეა ხატის „კვრივი“ ანუ ხატის ადგილი, სადაც მხოლოდ ხატის მსახურები დაიშვებიან. ასევე, ხელშეუხებელია ხატის ტყეც. შორიახლოს აშენებულია საზარე — ოთხსვეტიანი ნაგებობა ერთი ან რამდენიმე ზარით. ძველი საზარეები პირამიდული ფორმის სიპი ქვებითაა გადა- ხურული. შედარებით ახალი საზარეები ჯვრით ბოლოვდება.
ყველა ხატში აგებულია „სალუდე“. იგი წარმოადგენს გრძელ მიწურ ოთახს, რომელშიც მოთავსებულია სალუდე — ალაოს სახარში სპილენძის დიდი ქვაბები, თავისი ხელსაწყო იარაღებით: საწურით, თუნგებით, ჯამებით და სხვა. ხატში ასევე ცალკე ნაგებობებია საბერო და სხვადასხვა გვარებისთვის განკუთვნილი საჯარე, სადაც სადღესასწაულო დღეებში ჩერდებიან და რომელშიც განიხილებოდა, წყდებოდა შიდა თუ საგარეო საკითხები.
ფშაველთა საერთო ხატების (ლაშარის ჯვარი, საკვირაო, თამარ-ღელე, დამასტური) გარდა, თითოეულ თემს თავისი საგვარეულო, სასოფლო ხატი (ადგილის დედა) და წვერის სალოცავები ჰქონდა: იახსარი შუაფხოში (ქისტაურთა თემი), კოპალა უძილაურში (ფშავში უძილაურთა თემი), მთავარანგელოზი — ცაბურთასა და მათურაში, პირქუში — ახადში და ა.შ.
ხევსურეთში მნიშვნელოვან ხატად ითვლებოდა მოლაშქრე ბერი ბაადურ გუდანის-ჯვარი, კოპალა, რომელსაც ღვთისგან ბოძებული ძალა და ლახტი აქვს, რომლითაც ანადგურებს ეშმაკებსა და დევებს; პირიმზე, რომელსაც ებარა ცა-ღრუბლის საქმე (პირქუში მჭედლობის ღვთაება, სამჭედლო საქმეს განაგებს) და სხვა მრავალი. ხახმატის ჯვარიც ხევსურეთში ძლიერ ხატად ითვლებოდა (ქალების მფარველი ღვთაება); ანატორის-ჯვარი (წმინდა ნადირის — ჯიხვის, არჩვის, შვლისა და სხვა გარეული ცხოველის მფარველი) და სხვა.
ხევსურეთში ერთ-ერთი მასშტაბური და ხალხმრავალი დღეობაა “ათენგენობა”. იმართება ივლისის მეორე ნახევარში. ამ დროს მთის სალოცავებში არა მხოლოდ მკვიდრი, არამედ დიდი ხნის წინ ბარში გადასახლებული მომლოცველებიც მოდიან.
ლაშარის ჯვარს უკავშირდება გადმოცემა, რომლის მიხედვითაც XIII საუკუნეში, თამარის მეფობის უკანასკნელ წლებში, ფხოველების დიდი ნაწილი ისევ წარმართებად რჩებოდა და მუხის ანგელოზს სცემდა თაყვანს. ეს მუხა, ხალხური გადმოცემით, ლაშარის „ხმელ გორაზე“ იდგა და თემის მთავარ სალოცავად ითვლებოდა. თამარის ბრძანებით აქ ეკლესია აუშენებიათ, რომლისთვის თამარს თავისი ძის, ლაშა-გიორგის სახელზე ვერცხლის ჯვარი შეუწირავს და ამ გორისთვისაც ლაშარის ჯვარი დაურქმევია.

კომენტარის დატოვება