კილო და ზეპირსიტყვიერება

ფშაველ-ხევსურნი მეტყველებენ ძველ ქართულ კილოზე, რაც მათ საუბარს არქაულ ელფერს აძლევს.
მდიდარი და მრავალფეროვანია ფშავისა და ხევსურეთის ხალხური პოეზია, რომელშიც ასახულია მათივე ყოფის დამახასიათებელი მომენტები. ფშაველთ ჭირ-ვარამის გამოთქმა ლექსად ემარჯვებათ და სულიერ განცდებს ლექსში აყალიბებენ. ლექსად აღინიშნებოდა ხევსურის დაბადება და მას ლექსითვე აცილებდნენ საუკუნო განსასვენებელში. ადგილობრივი ხალხური ზეპირსიტყვიერების ტრადიციაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ფშაურ პოეზიას და ფშაურ კაფიას (მილექსება). კაფია ფშავში გავრცელებული ჩვეულებაა, რომელსაც ახასიათებს ექსპრომტულ-დიალოგური გაშაირება ორ მოპაექრე პირსა თუ ჯგუფს შორის. კაფია იციან ხატობაში, ქორწილში, მწყემსობაში, მგზავრობაში. ამიტომ ამბობენ მთაში: „ხევსურო, ხმალი გალაღებს, ფშაველო — ენა „მჭრელიო“. ფშაური კილო და ზეპირსიტყვიერი ტრადიცია უკვდავყო ვაჟა-ფშაველამ, რომლის შემოქმედებაშიც კუთხური ნიშნები და საუკუნოვანი ხალხური სიბრძნე თავისებურად შეერწყა პოეტის ინდივიდუალიზმს: მდიდარ ფანტაზიას, მასშტაბურ აზროვნებასა და ზოგადსაკაცობრიო იდეალებს.
ფშაური და ხევსურული სიმღერა მონოტონურია, უკილოო და სევდიანი. საკრავებიდან აქ სამსიმიანი ფანდური იყო გავრცელებული, რომელსაც სა- ცხოვრისში საპატიო ადგილი ჰქონდა მიკუთვნებული.

კომენტარის დატოვება