საცხოვრებელი
ფშაური სახლი
დღევანდელ დღეს ფშავში სახლები არ არის ერთი ტიპის, ჭარბობს ქალაქის ტიპის სახლები, განსაკუთრებით მაღაროსკარის თემის საკრებულოში. ტრადიციული ფშაური სახლი ორსართულიანია, ქვითკირისგან მშრალად არის ნაგები. პირველ სართულზე ბოსელი, მეორეზე კი დარბაზია, რომელიც ზოგჯერ სადა სწორკუთხა, ზოგჯერ კი, ქართული დარბაზის მსგავსად, გვირგვინისებრი „საკომით“ (სარკმელი) არის განათებული, რომელსაც „მოქცეული“ ეწოდება. „მოქცეული“ დედაბოძს ეყრ- დნობა. ფშაურ სახლებში დედაბოძი მოჩუქურთმებულია ხეზე კვეთილი ორნამენტებით. ადრე ზოგიერთ სახლს მიშენებული ჰქონდა საბძელი თივისა და პურის შესანახად. ზოგან ბოსელს ერთ კუნჭულში ქალის სამშობიარო ოთახსაც უშენებდნენ.
ახალი ტიპის სახლები ქვისგან არის აგებული. ბოსელი და საბძელი ცალკე ნაგებობებია.
ხევსურული სახლი
მთის მაღლობებზე გაშენებული, ხევსურეთის სოფლები ერთად შეჯგუფებული რამდენიმე მეკომურისაგან შედგება. კონსტრუქციითა და ნაგებობის ტექნიკით პირიქითა (შატილ-არხოტი) და პირაქეთა (არაგვის ხეობა) ხევსურეთის ციხეები განსხვავდებიან. პირიქითა ხევსურეთის კოშკები საფეხუროვან-პირამიდული სახურავით სრულდება და თუშური კოშკის ტიპისაა, პირაქეთა ხევსურეთისა კი უფრო მთიულურს წააგავს.
გამორჩეული ადგილი უჭირავს ხევსურული სიპი ქვით ნაგებ სამსართულიან სახლს, რომელიც ტერასულად შენდება და ადამიანისა და შინაური პირუტყვის კომპაქტურად განთავსების თავისებურ მაგალითს წარმოადგენს. პირველი სართულის გადახურვა მეორეს ეზოს წარმოადგენს, მესამე სართული — კალო და სამეურნეო დანიშნულების მინაშენებია. პირველ სართულს, სადაც კერაა მოთავსებული — „შინასს“, მეორეს სართულს კი, სადაც მამაკაცებს ეძინათ და თივას და დაწნულ კალათებში მოთავსებულ პროდუქტს ინახავდნენ, „ჭერხოს“ უწოდებდნენ.