ეთნოგრაფია და კულტურული მემკვიდრეობა
უნიკალურია ფშავ-ხევსურეთის ეთნო-კულტურული მემკვიდრეობა. შთამბეჭდავია ამ კუთხის ციხე-სოფლები (ლებასიკარი, შატილი, მუცო და სხვ.) ისტორიული ჯვარ-ხატებითა და მითოლოგიის ბრწყინვალე ნიმუშებით. საინტერესოა სამეურნეო ყოფა-ცხოვრება, ადათ-წესები. რეგიონი განთქმულია ხალხური პოეზიითა და ტრადიციული წეს-ჩვეულებებით. ამ კუთხეშია შექმნილი `ვეფხვისა და მოყმის ბალადა“, აქაა „ხოგაი მინდის“ ნასახლარი, ხევსურთა ყოფა იყო ცნობილი და ყველასთვის საყვარელი ქართველი მწერლის ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების შთაგონების წყარო.
რეგიონში 200-ზე მეტი მატერიალური კულტურის ობიექტია — ციხე-კოშკები, ეკლესიები, სალოცავები. თავისი არსით ჯვარ-სალოცავები და ეკლესიები ადრექრისტიანული პერიოდისაა, თუმცა უმეტესობა განადგურებულია და მხოლოდ შემორჩენილი ნაწილი ქმნის წარმოდგენას ამ კუთხის ისტორიაზე, მატერიალურ და სულიერ კულტურაზე.
საინტერესოა ბუნებრივი ფენომენი (კლდე, ხე, წყარო, ადგილი და სხვ.), რაც სალოცავად გამოიყენება და მიჩნეულია წმინდა ადგილებად. ამ ადგი- ლებმა მთიან რეგიონებში საკმაოდ დიდ ფართობებზე პირველად ტყეებისა და უნიკალური ეკოსისტემების შენარჩუნება და კონსერვაცია განაპირობა. „ხატის ტყეებში“ ნადირობა, ხის მოჭრა, ბალა- ხის მოთიბვა და მიწის მოჩიჩქვნაც კი აკრძალულია ადგილობრივების მიერ. პასუხისმგებლობა თაობიდან თაობას გადაეცემა და დღესაც არ ირღვევა.
მატერიალური კულტურის ობიექტებს, ძირითადად, საბრძოლო და თავდაცვითი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ ტიპის ნაგებობებს ჩრდილო საზღვარზე აგებდნენ. აღსანიშნავია გვიანი შუა საუკუნეების არქიტექტურული შედევრები: გუროს ციხე, ლებაისკარის ციხე, კისტნის ციხეების კომპლექსი, ქაჩუს ციხე, შატილის, მუცოსა და არდოტის ციხე-ქვითკირების კომპლექსი, ხახაბოს ნასოფლარის ციხეები და სხვ.
მდებარეობით, არქიტექტურული შინაარსითა და ფუნქციით განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ანატორისა და მუცოს აკლდამები. ეს ნაგებობებიც შუა საუკუნეებს განეკუთვნება.
რეგიონში არსებული კულტურული და ისტორიული ძეგლები გათვალისწინებულია შემოთავაზებულ ტურისტულ მარშრუტებში.