ეთნოლოგიური მიმკვიდრეობა და მეურნეობა
ფშავ-ხევსურეთში მოსახლეობა ოდითგანვე მეცხოველეობას მისდევს, რის საშუალებასაც აქ არსებული სა- თიბ-საძოვრები იძლევა. ძირითადი პროდუქტებია ხორცი, ყველი, ერბო და სხვა. განვითარებულია როგორც მსხვილფეხა რქოსანი, ისე წვრილფეხა მეცხოველეობა.
განსაკუთრებულია ხევსურული ძროხა — ტანად პატარაა, ამტანი და ზამთარში ადვილად გამოსაკვები. ხასიათდება რძის მაღალცხიმიანობით. ეგუება მთის რთულ რელიეფსა და პირობებს.
მსხვილფეხა პირუტყვთან შედარებით, რეგიონში ყოველთვის ნაკლები იყო ცხვრის რაოდენობა. ამის მიზეზი ზამთრის საძოვრების სიშორე და სახიფათო გზები იყო.
საერთოდ, ტიპური ხევსურული სახლის არქიტექტურა ისე იყო გადა- წყვეტილი, რომ ადამიანსაც მყუდროდ ეგრძნო თავი და პირუტყვსაც. მიწური, ბანიანი სახლის პირველ „თვალში“ ანუ სართულზე ყვერფკერა, ჯალაბი და საქონელი იყო განთავსებული, მეორე თვალი — ე.წ. `ჭერხო“ მამაკაცების საცხოვრისად იყო განკუთვნილი, ხოლო მესამე სართული ეთმობოდა კალოს, სადაც მარცვლეული ილეწებოდა და ინახებოდა.
საზაფხულო იალაღებზე დღესაც შეხვდებით პირუტყვისთვის განკუთვნილ ბოსლებსა და სადგომებს.
რეგიონში მისდევენ, აგრეთვე, მეფუტკრეობას. დაბალმთიან სოფლებში (პირაქეთა ხევსურეთი და ფშავი) მოსახლეობა, ტრადიციულად, მებოსტნეობას და მეთევზეობას (მეკალმახეობა) მისდევდა. თუმცა რეალურად წარმოებული პროდუქციის ძირითადი ნაწილი წლიდან წლამდე ოჯახების გამოკვებას ძლივს უზრუნველყოფს.
ფშავ-ხევსურეთში განვითარებული იყო შინამრეწველობა — შალის დამუშავება (წინდების, ფარდაგების, ტანსაცმლის და ა.შ.), მისდევდნენ ჭედურობას, ხელოსნობას, ვერცხლის სამკაულების დამზადებას. ამჟამად რეგიონში კიდევ არის ხელსაქმით დაკავებული ოჯახები (ქარგვა, ქსოვა, ქვისა და ხის და
მუშავება), აქაური ოსტატების ნახელავი სინატიფითა და ორიგინალურობით გამოირჩევა.
ზოგადად, რეგიონში არ არის დიდი რაოდენობით სამრეწველო მნიშვნელობის მქონე ბუნებრივი რესურსები. ასევე მცირეა დასამუშავებლად ვარგისი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. მთის რელიეფი არ იძლევა წლის სამყოფი პურის მოყვანის საშუალებას. კლდოვან ადგილებში დათესილი ქერი და ჭვავი საკმარისი არაა იმისათვის, რომ მოსახლეობამ ადგილობრივი მეურნეობით ირჩინოს თავი. ამიტომ ხევსურეთის სოფლებისთვის აქტუალურია ბართან ეკონომიკური კავშირი. დღესაც შემორჩენილია საქონლის საქონელზე გაცვლის პრაქტიკა. კერძოდ, რძის პროდუქტის რეალიზაციის გზით მარცვლეულის, მარილის, ღვინისა და სხვა პროდუქტის შეძენა.